English / ქართული / русский /
იოსებ არჩვაძე
დემოგრაფიული ცვლილებების ასახვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებში (საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე)

ანოტაცია.ყოველი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მახასიათებლად ათეული წლებია რჩება მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ). მიუხედავად 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკოსებისა და მეცნიერების ერთი ნაწილის ხმამაღალი განცხადებისა, უფრო ყოვლისმომცველი ინდიკატორის გაანგარიშების აუცილებლობის შესახებ, საქმე ამ მიმართულებით სერიოზულად წინ არ წასულა და მშპ კვლავ რჩება ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების შეფასების მთავარ ინიკატორად. იმის გამო, რომ ქვეყნები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მარტო ეკონომიკების სიდიდით, არამედ მოსახლეობის რაოდენობითაც, შედარებისათვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე. ამ მაჩვენებლით შედარების მაღალი გამოყენებითი ღირებულება გამოიხატება სხვადასხვა ქვეყნის შედარების უზრუნველყოფაში რეტროსპექტიულ ასპექტშიც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა დიდწილად დამოკიდებულია შესაბამისი ქვეყნების ხელთ არსებული რესურსების გამოყენების ეფექტიანობაზე, რეფორმების თანმიმდევრულობაზე, მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება ამ პროცესთან საკმაოდ მაღალი ავტონომიურობით ხასიათდება (რბილად რომ ვთქვათ). ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე, სადაც 1980-1990-იანი წლების მიჯნაზე დაწყებულ ეკონომიკურ კოლაფსს მალევე თან მოჰყვა მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, თუმცა კრიზისის დაძლევისა და ეკონომიური ზრდის მიღწევის შემდეგ ქვეყნებმა განსხვავებული დემოგრაფიული ცვლილების ვექტორები დააფიქსირეს.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობა, მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, მიგრაცია. 

საქართველოს ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი დრამატულად წარიმართა და მისი შედეგები, თითქმის სამი ათეული წლის გავლის შემდეგაც, ბოლომდე დაძლეული არ არის.

როგორც წესი, როდესაც უახლესი პერიოდის ეკონომიკური განვითარების დინამიზმს ახასიათებენ, ათვლის წერტილად, საწყის წლად პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნებისათვის, როგორც წესი, იღებენ 1989 წელს - ეკონომიკური მაჩვენებლის (მშპ-ის აბსოლუტური მოცულობა სულ და მოსახლეობის ერთ სულზე) მიხედვით ყველაზე მაღალი, პიკური მაჩვენებლის მქონე წელს. თუმცა საქართველოსათვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1989 კი არა, მისი წინა 1988 წელი იყო - 1989 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის მშპ დაახლოებით 1.2 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს მოსახლეობა 1989 და 1990 წლებში წინა წლებთან შედარებით იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლებში ქვეყნის მშპ აგრძელებდა შემცირებას. 1990 წელს 1988 წელთან შედარებით საქართველოში მოსახლეობა 0.8 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როდესაც მშპ, პირიქით, შემცირდა -  12.2 პროცენტით.  მომდევნო წლებში, 1994 წლის ჩათვლით, ორივე ინდიკატორი (მოსახლეობა, მშპ) აგრძელებდა შემცირებას, რაზეც წარმოდგენას  იძლევა ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა.

დიაგრამა 1

 

ეკონომიკის ასეთი მასშტაბური შემცირება არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ განუცდია. თვით ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც კი, რომელთა შორის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება მხოლოდ 1994 წელს შეწყდა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებამ საქართველოში, ხოლო მისმა მატებამ აზერბაიჯანში, რუსეთსა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოსახლეობის ერთ სულზე ჩვენი ჩამორჩენა რამდენადმე შეარბილა, რაზეც წარმოდგენას დიაგრამა 2 იძლევა.

დიაგრამა 2

 

თუ ათვლის წერტილად არა 1989 წელს, არამედ 1988 წელს ავიღებთ, მაშინ შემცირების მასშტაბი კიდევ უფრო თვალშისაცემი  იქნება - 1994 წელს მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებულმა მშპ-მ საქართველოში 1988 წლის მხოლოდ 25.4 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ცალსახაა, თუმცა დასაძლევია სტერეოტიპი, რომლითაც  ყოველივე ეს მხოლოდ სსრკ დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოხდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეკონომიკის ვარდნა, მოსახლეობის კეთილდღეობის დაცემა დაიწყო და საკმაო ხანს მიმდინარეობდა (და არცთუ ლატენტური ფორმით) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მთელი 3 წლის მანძილზე (1989-1991). სტატისტიკური მონაცემები გვიდასტურებს, რომ  საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნისა და მაკროეკონომიკური „შეკუმშვის“ თითქმის ნახევარი (45.6%) მოდიოდა ჯერ კიდევ დე-იურე სსრკ არსებობის პერიოდზე (1989-1991).

1990 წლის შემდეგ, თითქმის მთელი მეოთხედი საუკუნე, ყოველწლიურად საქართველოს მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა წინა წელზე ნაკლები იყო - მხოლოდ 2014-2017 წლებში იქნა დაძლეული (უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც) ეს ნეგატიური ტენდენცია.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 1994 წლიდან დღემდე, გარდა 2009 წლისა (2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის გავლენის „წყალობით“), საქართველოს ეკონომიკას ზრდის ტენდენცია ჰქონდა. – თუკი 1989-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად წინა წელთან საშუალოდ 21.7 პროცენტით ეცემოდა, 1995-2018 წლებში საპირისპირო პროცესი დაფიქსირდა - ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა 5.53  პროცენტს მიაღწია. ამჟამად საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 1994 წლის დონეს დაახლოებით 3.7-ჯერ აღემატება. ეკონომიკის ზრდის დასახელებული ტემპიც არ არის ერთი შეხედვით ურიგო, თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორი ვარდნა იყო დაფიქსირებული წინა პერიოდში, უნდა ვაღიაროთ, საქართველოს ჯერაც არ მიუღწევია რეფორმამდელი, კერძოდ 1988 წლის დონისათვის. ჯაჭვური ინდექსებით, საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 2018 წლისთვის 1988 წლის 84 პროცენტისა და 1989 წლის - 85 პროცენტის დონეზეა.

მაგრამ როგორია ამ შემთხვევაში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ-ის დინამიკა?

აქ, რომ იტყვიან, ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებამ. - საქართველოს მოსახლეობა ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე შემცირდა გაცილებით მეტად, ვიდრე ეკონომიკა. საკმარისია ითქვას, რომ ამ პერიოდში (1989-2018) მოსახლეობის კლების მასშტაბი 2-ჯერ აღემატებოდა ეკონომიკის „შეკუმშვის“ მასტაბებს (შესაბამისად, 32% და 16%). შედეგად, მივიღეთ მდგომარეობა, რითაც მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ 2014 წლიდან უკვე აღემატება 1988 წლის დონეს.

დიაგრამა 3

 

როგორც მოყვანილი დიაგრამიდან ჩანს, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ-ის დინამიკა დიდწილად დამოკიდებული აღმოჩნდა მოსახლეობის დინამიკაზე.  საქართველოში 1994-2018 წლებში დაბადებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ   51.7 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო მიგრაციის უარყოფითმა სალდომ - 51.0 ათასი.  ამავე პერიოდში გარდაცვალებათა საშუალო წლიურმა რიცხოვნობამ 49.0 ათასს მიაღწია. გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის კუმულაციური საშუალო წლიური ეფექტი 1994-2018 წლებში  უარყოფითი სიდიდე -  -48.3 ათასია.

მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების საერთო მაჩვენებელში ნიველირებულია საქართველოს მოქალაქეებისა და არამოქალაქეების მიგრაციული სალდოები, რომელთა გათვალისწინება კიდევ უფრო სრულად წარმოაჩენს დრამატულ რეალობას. ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნიდან საქართველოს უფრო მეტი  მოქალაქე გადის, ვიდრე შემოდის. ამის საპირისპიროდ, სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოდის უფრო მეტი, ვიდრე გადის. მარტო 2012-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეებს შორის უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 153.6 ათასს გადააჭარბა, მაშინ როდესაც საქართველოს არარეზიდენტებს შორის იმავე პერიოდში დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო (+ 98.4 ათასი კაცი). ბოლო 7 წლის მანძილზე (2012-2018) საქართველოში შემოვიდა მეტი, ვიდრე გავიდა: რუსეთის მოქალაქე - 27.8 ათასი, თურქეთის - 14.4 ათასი, ირანის - 6.7 ათასი, ინდოეთის - 5.6 ათასი, ჩინეთის - 1.5 ათასი, სხვა ქვეყნების (ერაყი, სირია და ა.შ.) – 19.0 ათასი მოქალაქე.

სამამულო სტატისტიკა ჯერჯერობით ვერ აფიქსირებს, თუ რა წვლილი მიუძღვით ქვეყნის არარეზიდენტებს საქართველოს მშპ-ში, როგორია მათი შრომის მწარმოებლურობა და რამდენად განსხვავდება ის საქართველოს რეზიდენტების  შრომის საშუალო მწარმოებლურობისაგან. თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ასეთი „დემოგრაფიული ინიექციის“ გარეშე არა მარტო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობა, არამედ მშპ-ის მოცულობაც გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოსახლეობის მიგრაციული აქტივობის გაძლიერება მეტ-ნაკლებად შეეხო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ამასთან,  მოსახლეობის რაოდენობა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში 1989-2018 წლებში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 2.0 პროცენტით (286.7 მლნ-დან 292.3 მლნ-მდე), თუმცა ეს ზრდა ძირითადად ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის ხარჯზე მოხდა - ამ ქვეყნებში მოსახლეობა 16.7 პროცენტით გაიზარდა, დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შემცირებას (1.7%-ით). ამ ფონზე საქართველოს მოსახლეობის დინამიკა უაღრესად საგანგაშოა: მისი რიცხოვნობა 1989 წელთან შედარებით შემცირდა 32 პროცენტით (თვით ზემოხსენებული არარეზიდენტების დადებითი მიგრაციული სალდოს გათვალისწინებით), მაშინ როდესაც ეთნიკურად, ფაქტობრივად, ჰომოგენურ სომხეთში მოსახლეობა იმავე პერიოდში შემცირდა მხოლოდ 9 პროცენტით, რუსეთში - 2.8 პროცენტით, ხოლო აზერბაიჯანში შემცირების ნაცვლად ადგილი ჰქონდა მატებას 37 პროცენტით. შედეგად, სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მოსახლეობის წილი შემცირდა 1989 წლის 34.5%-დან 2018 წლის 22.5 პროცენტამდე. იმავე პერიოდში საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის ერთიან მთლიან შიგა პროდუქტში შემცირდა 2.2-ჯერ - 36.9 პროცენტიდან 17.0 პროცენტამდე. ამჟამად სამხრეთ კავკასიის ერთობლივი მშპ-ის 71.4 პროცენტი აზერბაიჯანზე მოდის.

დიაგრამა 4

 

საქართველოს წილი ასევე საგრძნობლად შემცირდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.  1989 წელს მისი წილი შეადგენდა მოსახლეობაში –  1.90 პროცენტს, სსრკ-ის ეკონომიკაში -  1.56   პროცენტს; 2018 წელს შესაბამისი მაჩვენებლები პოსტსაბჭოთა სივრცეში შემცირდა  1.26    პროცენტამდე  და  0.65  პროცენტამდე. აღნიშნული ვითარება ადვილად ახსნადია:  ჯერ ერთი, ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში ყველაზე მეტად პოსტსაბჭოთა 15 სახელმწიფოთა შორის, შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა. თვით ბალტიის ქვეყნებსაც კი არ ჰქონიათ ასეთი მასშტაბური შემცირება (ესტონეთი - -17%, ლიტვა - -24%, ლატვია - -26.9%).   

ამას დაემატა ის გარემოება, რომ 15 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან საქართველო აღმოჩნდა იმ აუტსაიდერი 3 სახელმწიფოს შორის (უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად), სადაც მშპ 1980-იანი წლების ბოლოსთან შედარებით ნაკლები იყო (2018 წ. %-ით 1989 წ.-თან: საქართველო - 85.1%, მოლდოვა - 73.5%, უკრაინა - 58.4%).

ბოლო წლებში, მიუხედავად ეკონომიკის ზრდის მოკრძალებული ტემპებისა, საქართველო ამ მაჩვენებლით მაინც პირველ ადგილზეა სამხრეთ კავკასიაში (ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის ტემპი: საქართველო - 4.1%, აზერბაიჯანი - 1.8%, სომხეთი - 3.4%), მაინც წინა წლების, განსაკუთრებით 1989-1994 წლების ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მასშტაბი გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება 1980-იანი წლების მაჩვენებელთან შედარებით, ვიდრე ანალოგიური შედარებებისას - აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკები (საქართველო - 85.1%, აზერბაიჯანი - 238.0%, სომხეთი - 192.0%). 

მოსახლეობის მთლიანი რიცხოვნობისა და ეკონომიკის მასშტაბების შემცირების ფონზე ადგილი ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის სოციალური დიფერენცირების არსებით გაღრმავებას. დეცილური კოეფიციენტი (მოსახლეობის მდიდარი 10 პროცენტის შემოსავლების თანაფარდობა ღარიბი 10 პროცენტის შემოსავლებთან) საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.  

ამაზე თვალსაჩინო წარმდგენას იძლევა ქვემოთ მოტანილი დიაგრამა.

დიაგრამა 5

  

იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალური დიფერენცირება საკმაოდ სცდება ამ მაჩვენებლის კრიტიკულ ზღვარს (დეცილური კოეფიციენტის მიხედვით - - 10:1), ხოლო მის ეკონომიკურ პოტენციალს (მშპ-ს) ჯერაც არ მიუღწევია 1980-იანი წლების ბოლო დროინდელი დონისთვის, როდესაც მოსახლეობის სოციალური დიფერენცირება გაცილებით ნაკლები იყო (დაახლოებით, 4-4.5:1) საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის საკმაოდ საგრძნობი ნაწილი - დაახლოებით 1/3, თავისი ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობით (მიმდინარე შემოსავლების რეალური მსყიდველობითი უნარიანობით) თავს იმაზე უარესად გრძნობს, ვიდრე სამი ათეული წლის წინ. ეს აჩენს გარკვეულ ნოსტალგიას წარსულისადმი, იწვევს მათ შორის მის გაფეტიშებას. 2018 წლის შემოსავლების მიხედვით, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს მოსახლეობის უღარიბესი 1/3-ის შემოსავლები, თავისი მყიდველობითი უნარიანობით, 1989 წლის მოსახლეობის უღარიბესი 1/3-ის  შემოსავლების მხოლოდ 82 პროცენტის დონეზე იყო, მათ შორის უღარიბესი 10-10  პროცენტის შედარებისას - მხოლოდ 38.5 პროცენტის დონეზე. „სამაგიეროდ“, მოსახლეობის უმდიდრესი 10 პროცენტის შემოსავლები 2018 წელს სამი ათეული წლის წინანდელი პერიოდის უმდიდრესი 10 პროცენტის შემოსავლებს 2-ჯერ და მეტად აღემატებოდა. მოკლედ, საქართველოში სრულად ამოქმედდა  „ქრესტომათიული“ სქემა: „მდიდრები უფრო გამდიდრდნენ, ხოლო ღარიბები - უფრო გაღარიბდნენ“.

უახლესი წლების ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის სტაბილურობა, უარყოფითი მიგრაციული სალდოს დაძლევა საქართველოს რეზიდენტებს შორის მიგრაციული სალდოს განულების გზით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ამის საფუძველზე წინა წლებში საქართველოდან უცხოეთში გასული შრომითი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისათვის მიმზიდველი ეკონომიკური გარემოს ფორმირება[1].



[1] სტატიის მომზადებისას გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.